თეთრი სახლი - არჩევნების მეორე ტურის წარმატებით დასრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია

თეთრი სახლი - არჩევნების მეორე ტურის წარმატებით დასრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია

თეთრი სახლი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის, ნედ ფრაისის განცხადებაშია ნათქვამი, აშშ ულოცავს ქართველ ხალხს მეორე ტურის წარმატებით დასრულებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია. 

თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ 8 და 30 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები შეაფასა როგორც კონკურენტუნარიანი და ორგანიზებული ისეთი გზით, რომ დაცული იყო კანდიდატების და ამომრჩევლის უფლებები.

„მთელი სპექტრის პოლიტიკურმა ლიდერებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი, როცა მოუწოდებდნენ მხარდამჭერებს, გამოეჩინათ თავშეკავება საარჩევნო პერიოდში, რათა ქართველ ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის გაკეთება თავისუფლად გამოეხატათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთანავე, თეთრი სახლი შეშფოთებას გამოთქვამს საარჩევნო პერიოდში მომხდარი ინციდენტების გამო.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ ძალადობისა და დაშინების ცალკეული ინციდენტების გამო და გამოვდივართ ანგარიშვალდებულების მოწოდებით, ისევე როგორც საფუძვლიანი და დაბალანსებული გამოძიების მოწოდებით, კანონის უზენაესობის შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში.

თეთრი სახლი მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს ყველა პარტიიდან, იმუშაონ ერთად ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა „დემოკრატიული კონსოლიდაცია, უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღება“.

„ველით მუშაობას ახალ მთავრობასთან და პარლამენტთან, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მიზნით“, - აცხადებს თეთრი სახლი.