რიჩარდ ვაიტსი - ჩვენ უნდა ვეცადოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში საქართველოსთვის დახმარების გაწევას

რიჩარდ ვაიტსი - ჩვენ უნდა ვეცადოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში საქართველოსთვის დახმარების გაწევას

ჰუდსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარის, რიჩარდ ვაიტსის განაცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით.

ამის შესახებ რიჩარდ ვაიტსიმ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა და დასძინა, რომ აშშ-მ უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა საქართველოსთან ორმხრივ ფორმატში და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების კუთხით.

”ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანია პარტნიორობა, რომელიც უხსნის გზას ორივე ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკური და დიპლომატიური ინტერესების განხორციელებას. პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის შედარებით ახალგაზრდაა, თუმცა ორივე ქვეყნისთვის, საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად და თანამშრომლობას სხვადასხვა კუთხით გასაძლიერებლად, შესაძლებლობებს ქმნის. საჭიროა ამერიკის როლის გაძლიერება, განსაკუთრებით ახალი ადმინისტრაციის პირობებში და კონგრესის ჩართულობა ამ მიზნის მისაღწევად“, - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ვაიტსმა წარადგინა.

ამასთან, როგორც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია აღნიშნავს, ვაიტსის თქმით, ამერიკამ და საქართველომ უნდა გააგრძელონ მუშაობა თავდაცვის და უსაფრთხოების მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის გასაღრმავებლად, განსაკუთრებით ტერორიზმთან ბრძოლის, კიბერუსაფრთხოების და რეგიონული უსაფრთხოების კუთხით. 

მკლევარის თქმთ, საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ამერიკისთვის ხელსაყრელია და შემდეგმა ადმინისტრაციამ ამ კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობა უნდა განაგრძოს. 

ვაიტსმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრობისკენ სწრაფვასთან ერთად, შტატები უნდა დაეხმაროს საქართველოს თავდაცვითი შეარაღების გაძლიერებაში და ასევე უნდა განიხილოს ნატო-ს სარდლობით შავი ზღვის თავდაცვითი ერთეულის შექმნა.

”ამერიკამ უნდა გააგრძელოს სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოში საქართველოსთან მუშაობა, ასევე ინსტიტუტების განვითარება და ამასთანავე, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ასევე, ჩვენ უნდა ვეცადოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში საქართველოსთვის დახმარების გაწევას, ვინაიდან ეს რეგიონები შეიცავს საფრთხეს, რომელიც შესაძლოა გახდეს პრობლემური, ნებისმიერ დროს“, - განაცხადა ვაიტსმა.

ვაიტსი რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის წარმოებასა და პროპაგანდის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ დასავლეთს უნდა ჰქონდეს სტრატეგია, თუ როგორ გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევებს.
”ვაშინგტონი და დასავლეთი უნდა ეცადოს და აქტიურად იმუშავოს იმაზე, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირთან და ნატო-სთან მიმართებაში არ გადაიზარდოს იმედგაცრუებაში, რაც შეიძლება შემდეგ ჩანაცვლდეს ჩრდილოეთის მხრიდან არგუმენტებით, რომ დასავლეთს თქვენ არ ჭირდებით და ჩვენ უფრო ახლოს ვართ თქვენთან ღირებულებებით და კონსერვატიული ფასეულობებით“, - აღნიშნა ვაიტსმა.