არჩევნებმა დაადასტურა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” წარსულის ოპოზიციური ძალაა

არჩევნებმა დაადასტურა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” წარსულის ოპოზიციური ძალაა

”ქართული ოცნების” წარმომადგენლის ეკა ბესელიას შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” არავითარი პროგრესი არ განუცდია და რეგრესისკენ მიდის.

ბესელია აცხადებს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” წარსულის ოპოზიციური ძალაა. ”თუ არჩევნების შედეგებს წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ მათ 2012 წლის არჩევნებზე 800 ათასზე მეტი ხმა მიიღეს. მართალია 2012 წლის არჩევნებს თავისუფალ გარემოში არ ჩაუვლია, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ, მათ მხარდამჭერთა რაოდენობა განახევრდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არავითარი პროგრესი არ განუცდია და რეგრესისკენ მიდის. ის, რომ მათ მხარდამჭერთა ეს რაოდენობა ჰყავთ, რაც 2016 წლის არჩევნებში გამოვლინდა, არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ მდგომარეობას აუმჯობესებენ. თუ შევხედავთ, თუ რა დაემართათ არჩევნების მეორე ტურში და როგორი გამანადგურებელი ციფრებით და ხმებით წააგეს ყველა საარჩევნო დუელი ყველა საარჩევნო უბანზე ჩვენს კანდიდატებთან, არ მგონია, რომ ამ გუნდთან დაკავშირებით რაიმე პოლიტიკურ პროგრესზე უნდა ვისაუბროთ. ”ნაციონალური მოძრაობა” არის წარსულის ოპოზიციური ძალა, არის ოპოზიციაში და აქვს იმ რაოდენობის მანდატი, რამდენიც არჩევნების შედეგად მიიღო”, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

ამასთან, ”ქართული ოცნების” დეპუტატი ”ნაციონალურ მოძრაობასთან” საპარლამენტო ფორმატში თანამშრომლობის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

”თქვენ იცით, ის აბსოლუტურად განსხვავებული ღირებულებითი სისტემა, რაც გვაქვს ჩვენ და აქვს ”ნაციონალურ მოძრაობას”. საპარლამენტო ცხოვრების გამოცდილება უკვე გვაქვს. თქვენ ნახეთ, როგორ გამოგვივიდა თანამშრომლობა ეს ოთხი წელი. ეს არ იყოს ჯანსაღი და ნორმალური პოლიტიკური პროცესი. ჩვენს შორის იმდენად დიდი სხვაობაა ღირებულებებსა და ფასეულობებს შორის, ძნელად წარმომიდგენია, რომ რაიმე საკითხებზე, თუ ეს საგარეო თემას არ ეხება, პოზიციების თანხვედრა გვქონდეს”, - აღნიშნა ბესელიამ.