რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტი მზად არის საქართველოსთან საპარლამენტო თანამშრომლობის აღდგენის პროცესის ინიცირება მოახდინოს.
ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა, საქართველოში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა.
„დსთ-ს საკითხთა კომიტეტი მზად არის, ყველანაირად შეუწყოს ხელი საქართველოსთან თანამშრომლობის აღდგენას - როგორც საპარლამენტო, ისე ზოგად თანამშრომლობას. ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ მოსმენებს კომიტეტის ფარგლებში, გავაანალიზებთ არჩევნების შედეგებს და ქართულ მხარეს წინადადებებით მივმართავთ. ვნახოთ, გამოგვეხმაურებიან თუ არა“, - განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა.
„ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ფაქტზე კომენტირებისას კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ „რუსეთთან კონფრონტაციის პოლიტიკა ჩაიშალა“, მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის იმედი კი, ხელისუფლებაში დაბრუნების თაობაზე დაიმსხვა.
„თუმცა, ბუნებრივად, ეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ავტომატურ აღდგენას არ ნიშნავს. არ ვიცი, განავითარებს თუ არა „ქართული ოცნება“ ურთიერთობას რუსეთთან, მეგობრულ და კეთილმეზობლურ დონემდე. ჯერჯერობით წინააღმდეგობები კვლავ არსებობს, თუმცა კონსულტაციები გრძელდება“, - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.