იან კელი - ჩატარებული არჩევნები კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ დემოკრატიული განვითარების კუთხით საქართველო ლიდერია

იან კელი - ჩატარებული არჩევნები კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ დემოკრატიული განვითარების კუთხით საქართველო ლიდერია

ჩვენ სრულად ვეთანხმებით საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებას, რომ არჩევნები კარგად ორგანიზებული, კონკურენტუნარიანი იყო და ჯამში, ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ განუცხადა. 

ამერიკელმა დიპლომატმა ქართველ ხალხს არჩევნების წარმატებით ჩატარებაც მიულოცა. 

„პირველ რიგში მინდა მივულოცო ქართველ ხალხს არჩევნების ორი ტურის წარმატებით დასრულება. ჩვენ სრულად ვეთანხმებით საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებას, რომ არჩევნები კარგად ორგანიზებული, კონკურენტუნარიანი იყო და ჯამში, ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. ჩემი მოსაზრებით, ეს იყო კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ დემოკრატიული განვითარების კუთხით საქართველო ლიდერია, უზრუნველყოფს, რომ არჩევნები არის კონკურენტუნარიანი, არსებობს აზრთა სხვაობა და ქართველ ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა გააკეთოს საკუთარი არჩევანი“, - განაცხადა იან კელიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო მისიებმა არჩევნების მსვლელობისას გარკვეული პრობლემები გამოავლინეს, მათ შორის დაშინების ფაქტები და ძალადობრივი ინციდენტები. 

„იმედი გვაქვს, რომ ეს ინციდენტები გამოძიებული და გასამართლებული იქნება სამართლიანად და დაბალანსებულად“, - განაცხადა იან კელიმ.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში მოხვედრილი ყველა ძალა მუშაობდეს საერთო მიზნების მისაღწევად.

„საერთო მიზნებია დემოკრატიის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია“, - განაცხადა იან კელიმ.

მისი თქმით, აშშ მზად არის, იმუშაოს ქართული საზოგადოების ყველა სეგმენტთან და პოლიტიკურ სისტემასთან ამ მიზნების მისაღწევად.