საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველმა გუნდმა უნდა გამოიყენოს ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა პოლიტიკური შურისძიებისთვის, - ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანა გომესმა რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია არჩევნებიდან არჩევნებამდე დაცული იყოს ადამიანის უფლებები, ასევე ოპოზიციის უფლებები.
”ვიცით, რომ მეორე ტურში საკმაოდ მაღალი ფსონები დაიდო, რადგანაც მმართველ პარტიას უნდოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა მიეღო. წინასწარი შედეგების საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ ეს მიზანი მიღწეულია. ეს ასევე ნიშნავს, რომ უმრავლესობას პასუხისმგებლობა ეკისრება. მათ ეს უფლებამოსილება უნდა გამოიყენონ ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა პოლიტიკური შურისძიებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ძალთა დაბალანსება უზრუნველყოფილი იქნას ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის და ოპოზიციის უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესია. ყოველ დემოკრატიაში დღევანდელი მთავრობა შეიძლება ხვალ იყოს ოპოზიცია და დღევანდელი ოპოზიცია ხვალ მთავრობაში მოვიდეს”, - განაცხადა ანა გომესმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციასაც დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება.
”დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება განსაკუთრებით მთავარ ოპოზიციურ პარტიას იმ პირობებში, რაც შეიქმნა ამ არჩევნების შემდეგ”, - განაცხადა მან.
ანა გომესის თქმით, საქართველო და მისი ევროპული გზა მნიშვნელოვან ადგილს იჭერს ევროკავშირის და ევროპარლამენტის დღის წესრიგში.
”ვიმედოვნებთ, რომ შეკითხვები და საკითხები, რაც ადრე იქნა წამოჭრილი, გადაჭრილი იქნება, მაგალითად, როგორიც არის: ძალადობრივი ინციდენტების გამოძიება საარჩევნო კამპანიის დროს, ან თუნდაც პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში დისბალანსი, მედიაპლურალიზმი და სასამართლოს დამოუკიდებლობა. დემოკრატიისკენ მიმავლ გზაზე ჩვენ საქართველოს გვერდში ვუდგავართ და სახეზეა, რომ საქართველო ამ გზაზე მიდის”, -განაცხადა ანა გომესმა.