ზოგიერთი კანდიდატის მიერ პირველ და მეორე ტურებს შორის კანდიდატურა მოხსნა და სიღრმისეულად უნდა გაანალიზდეს, თუ რა მოტივით შეწყდა არჩევნებში მონაწილეობა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ემანუელის ზინგერისმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპის საბჭო საბოლოო დოკუმენტს 25 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
”აუცილებელია პირველი და მეორე ტურის დროს გამოვლენილი დარღვევების კანონიერად გამოძიება. ზედმეტია იმის თქმა, რომ ასევე ყურადღებით უნდა შეფასდეს ყველა მხარის მიერ წამოყენებული ბრალდებები მეორე ტურის დარღვევების შესახებ”, - განაცხადა ზინგერისმა.
როგორც მან დასძინა, პირველი და მეორე ტურის დროს გამოვლენილი დარღვევები სათანადოდ უნდა შეფასდეს.
”მე მგონია, რომ სასამართლო სისტემა სათანადო რეაგირებას არ ახდენს დავებზე, რომელიც არჩევნებში მონაწილე პირებმა წამოაყენეს. დისბალანსი საკმაოდ დიდი ოდენობით შეინიშნებოდა პარტიების დაფინანსების საკითხში, რამაც ხელი შეუშალა, რომ თანაბარი შესაძლებლობები ჰქონოდათ. რაც შეეხება კონკურენტულ გარემოს, კონკურენტულობა ხელს უწყობს დემოკრატიას, ძალთა გადანაწილება მნიშვნელოვანია და მას ყურადღება კარგად უნდა მივაქციოთ. აბსოლუტური უმრავლესობის ყოლა პარლამენტში გულისხმობს, პასუხისმგებლობას დემოკრატიული მომავლის მიმართ, საქართველოს მომავლის მიმართ. ასევე ოპოზიციას თავისი აზრის გამოთქმის უფლება უნდა ჰქონდეს”, - აღნიშნა დამკვირვებელმა.