საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა მშვიდ გარემოში და პროფესიონალურად, - ამის შესახებ ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა იგნასიო სანჩესმა რამდენიმე სადამკვირვებლო მისიის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, მთლიანობაში, გუშინ არჩევნების მეორე ტურმა დაადასტურა, რომ კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად მონაწილეობა, ხოლო ამომრჩევლებს შეეძლოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიეღოთ.
”მეორე ტურმა დაადასტურა, რომ პატივს სცემდნენ კანდიდატებისა და ამომრჩევლების უფლებებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხშირად ყველა უფლება არ იყო დაცული, რაც შეეხებოდა საარჩევნო დავების განხილვას საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.
მოკლევადიან პერიოდში მასმედიის მიერ გაშუქება უფრო დაბალანსებული იყო. კენჭისყრა მშვიდ გარემოში გაიმართა, რამაც დამკვირვებლებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა. კომისიის წევრები უკეთესად იყვნენ მომზადებული. რაც შეეხება მეორე ტურში კენჭისყრას, აქ სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს დავების განხილვას, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ იმას, რომ მეორე ტური გაიმართა მშვიდ გარემოში და პროფესიონალურად.
ცოტა დრო იყო დარჩენილი მეორე ტურის მომზადებისთვის, თუმცა საერთო ჯამში პროცესი ნორმალურად წარიმართა. მოხდა ასევე ფიზიკური დაპირისპირებაც, რომელიც გამოძიებას ექვემდებარება”, - განაცხადა იგნასიო სანჩესმა.
ეუთოს-წარმომადგენელმა მოუწოდა იმ პარტიებს, ვინც არჩევნებში სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, განაგრძონ საქმიანობა.
”ყურადღება ექცევა ჯანსაღ კონკურენციას პოლიტიკურ ძალებს შორის. ეს არის საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. იმ პარტიების მიმართ, რომლებმაც ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს, მე მექნება პირადი მოწოდება - ნუ დაკარგავთ მხნეობას, განაგრძეთ საქმიანობა თქვენი იდეების მხარდასაჭერად. პლურალიზმი უმნიშვნელოვანესია და საქართველოს სჭირდება გამართოს პოლიტიკური დებატები იმისათვის, რომ თავისი მისწრაფება წარმატებით განახორციელოს”, - განაცხადა იგნაისო სანჩესმა.