„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ვერ აკონკრეტებს, „ქართული ოცნება“ დაუბრუნდება თუ არა იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას - კერძოდ, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და მრავალმანდატიანი, პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს.
ამასთან დაკავშირებით კობახიძე აცხადებს, რომ ზოგადად კონსტიტუცია საჭიროებს დახვეწას, რაც აუცილებლად გაკეთდება.
მისივე თქმით, არც ერთ კონკრეტულ საკითხზე წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არ არსებობს და საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხზე კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების მიზნით შექმნილ ფორმატში იმსჯელებენ.
„ქართველმა ამომრჩეველმა რაციონალური არჩევანი გააკეთა და ამ რაციონალური არჩევანის საფუძველზე გამოუცხადა ნდობა ჩვენს საკონსტიტუციო უმრავლესობას. კონსტიტუციაში ცვლილებებზე მსჯელობა იქნება ყველა მიმართულებით. ეს შეეხება საარჩევნო სისტემასაც. მთავარია, შეიქმნას შესაბამისი ფორმატი და შედგეს ფართო კონსენსუსი, რომლის საფუძველზეც საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდება. ჩვენ დღესვე შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ ცვლილებები დაიმსახურებს ძალიან მაღალ შეფასებას ჩვენი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ.