ელენე ხოშტარია - მიუხედავად უსამართლო ქმედებებისა, მე ვაკე ნამდვილად წავაგე

ელენე ხოშტარია - მიუხედავად უსამართლო ქმედებებისა, მე ვაკე ნამდვილად წავაგე

მიუხედავად უსამართლო ქმედებებისა, მე ვაკე წავაგე, ნამდვილად წავაგე, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაკეში ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს. 

ხოშტარია მიიჩნევს, რომ ”მიუხედავად უნამუსო მანიპულაციებისა”, ძალიან მნიშვნელოვანია დაფიქრება, თუ რატომ ვერ მოიპოვეს გამარჯვება. 

”უსამართლო ბრძოლაში ყველაზე საშიში არა მოწინააღმდეგის უნამუსობა ან ძალაა, არამედ უიმედობა, რომელმაც შეიძლება ხელები ჩამოგაყრევინოს. არც ერთი წამი არ უნდა გავიკაროთ ეს განწყობა. მათ ჰყავთ სუს-ი, ჩვენ გვყავს გულანთებული ხალხი, ახალგაზრდა, ენერგიული, გონებაგახსნილი და პოზიტიური. მათ აქვთ ბევრი ფული, ჩვენ გვაქვს იდეა და რწმენა ამ იდეის. მათ აქვთ კარიერის წყურვილი, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. ამიტომ, ეხლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანებზე და გავაგრძელოთ ისეთივე შემართებით, როგორც აქამდე.

მიუხედავად უნამუსო მანიპულაციებისა, მე მგონია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ დავფიქრდეთ, რატომ ვერ მოვიპოვეთ ამომრჩევლის უმრავლესობის ნდობა. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, დავფიქრდეთ და კარგად გავითვალისწინოთ სამომავლოდ. დღეს ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს, როგორც, სამწუხაროდ, ერთადერთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიას”, - მიიჩნევს ელენე ხოშტარია. 
რაც შეეხება უშუალოდ მის ოლქს, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მან ნამდვილად წააგო.

”მიუხედავად უსამართლო ქმედებებისა, მე ვაკე წავაგე, ნამდვილად წავაგე. მე დღეს ვაკემ ნდობა არ გამომიცხადა და მე ამ არჩევანს პატივს ვცემ. ესე იგი, მე ვერ დაგარწმუნეთ რაღაცაში, მე ვერ მოგისმინეთ საკმარისად, ესე იგი მე ჯერ არ ვიმსახურებ თქვენს ნდობას. მაგრამ მინდა ხაზგასმით გითხრათ, მე ერთი წამი არ მოვშორდები იმ პრობლემებს, რაც ამდენი თვის განმავლობაში ვნახე. მე გვერდით დავუდგები ყველას, მიუხედავად იმისა, მომცეს ხმა თუ არა. კამპანიის დროს ბევრჯერ მითქვამს ამომრჩევლისთვის, რომ მე არჩევნების მერე არ გავქრები. ეხლა კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, წაგების მერეც არ გავქრები, გავაგრძელებ თქვენი ნდობის მოპოვებას და თქვენი პრობლემების მოგვარებისთვის ბრძოლას, ვაკეში, წყნეთში, ახალდაბაში. ჩემს კონკრეტულ გეგმებს გაგაცნობთ ძალიან მალე”, - წერს ხოშტარია.