გია ვოლსკი - ის, რომ ლევან ბერძენიშვილის სურვილი ვერ ახდა, არ ნიშნავს, რომ მმართველობის სტილში დემოკრატიული პრინციპი დაირღვევა

გია ვოლსკი - ის, რომ ლევან ბერძენიშვილის სურვილი ვერ ახდა, არ ნიშნავს, რომ მმართველობის სტილში დემოკრატიული პრინციპი დაირღვევა

ის, რომ ლევან ბერძენიშვილის სურვილი ვერ ახდა, არ ნიშნავს იმას, რომ მმართველობის სტილში დემოკრატიული პრინციპი დაირღვევა, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით „რესპუბლიკელ“ ლევან ბერძენიშვილის შეფასებას.

როგორც ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ბერძენიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება „არაკომპეტენტური“ და „ბრაზიანია“.

„ლევან ბერძენიშვილის განცხადება არის სასაცილო. მე მესმის, პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური პარტიების. მწარე განცხადებები, ეს ემოციითაც არის გამოწვეული და გულდაწყვეტითაც, მაგრამ ვფიქრობ, გაკეთებული განცხადებების ძირითადი დამახასიათებელი არის სუბიექტივიზმი, რომელიც ძალიან ახლოსაა არაკომპეტენტურობასთან. კონკრეტულად ლევან ბერძენიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ერთი რამ შემიძლია ვთქვა - არასოდეს არავისთვის, მათ შორის არც ლევან ბერძენიშვილისთვის არც ჩვენს კოალიციას და არც უშუალოდ პარტია „ქართულ ოცნებას“ არ მიუცია არანაირი მიზეზი და საფუძველი ასეთი უკმეხი შეფასებებისთვის, თუმცა მისი თანაგუნდელების მნიშვნელოვანი ნაწილი კომპეტენტურობითა და საქმიანი ურთიერობებით იყო გამორჩეული. ჩვენს შორის არსებული აზრთა განსხვავება არანაირიად არ ნიშნავს იმას, რომ თუკი ლევან ბერძენიშვილის სურვილი ვერ ახდა, დემოკრატიული პრინციპი დაირღვევა მმართველობის სტილში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებებმა „რესპუბლიკურ პარტიას“ არაფერი კარგი არ მოუტანა. 

„მოკლედ რომ ვთქვათ, ლევან ბერძენიშვილის განცხადება არაკომპეტენტური და ბრაზიანი განცხადებაა, რომელმაც არაფერი სიკეთე არ მოუტანა კონკრეტულად ამ პარტიას“, - აღნიშნა მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა.

ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, ახალი პარლამენტი ისეთი იქნება, როგორიც იყო საბჭოთა კავშირში და როგორიც აქვს ახლა ჩრდილოეთ კორეას.