სოსო ცისკარიშვილი - ახალი პარლამენტის პირველი წელი მხოლოდ გამარჯვების ყიჟინა იქნება

სოსო ცისკარიშვილი - ახალი პარლამენტის პირველი წელი მხოლოდ გამარჯვების ყიჟინა იქნება

დიდი ძალისხმევა დასჭირდება გამარჯვებულ სუბიექტს, რომ საკუთარ გუნდში ერთიანობა შეინარჩუნოს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა არჩევნების შედეგების შეფასებისას განუცხადა. 

როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, განვლილი არჩევნები იმ 20-წლიანი პროგრამის შესრულების პირველი ნაბიჯი იყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს დაანონსა. 

”ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გვამცნო, რომ ის-20 წლიან გეგმას განახორციელებს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. ვფიქრობ, არ დასჭირდება მას 20 წელი საკუთარი ოცნების განსახორციელებლად. შეიძლება უკვე გამოჩნდეს ნიშნები, რომ მისი ოცნება და ქართული ოცნება არ აღმოჩნდეს აბსოლუტურად იდენტური. ჩვენ მივიღეთ შედეგი, რომელიც არავის ბრალი არაა, გარდა თითოეული მოქალაქისა”, - განაცხადა ცისკარიშვილმა. 

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ახალი პარლამენტისთვის სავარაუდოდ კვლავ დამახასიათებელი იქნება ორ პოლიტიკურ ძალას შორის მუდმივი დაპირისპირება და ლანძღვა-გინება. სოსო ცისკარიშვილის თქმით, პირველი წელი პარლამენტში მხოლოდ გამარჯვების ყიჟინა იქნება. 

”წარმოუდგენელია, რომ ორი პოლიტიკური ძალის მიერ მუდმივი ერთმანეთის ლანძღვა-გინება არ იყოს ძირითადი მახასიათებელი ახალი პარლამენტისთვის. გარდა ამისა, დიდი ძალისხმევა დასჭირდება გამარჯვებულ სუბიექტს, რომ საკუთარ გუნდში ერთიანობა შეინარჩუნოს, რადგან დღევანდელი ”მეოცნებენი” საკმაოდ განსხვავებული ცნობიერების, ბიოგრაფიის, უნარების და ხედვების მქონე მოქალაქეთა ნაკრებია. იმედი ვიქონიოთ, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” მსგავსად, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გახდება საქართველოს მოქალაქეებისთვის მიუღებელი ნაბიჯების გადადგმის რეალობა. ამასთან, გამარჯვებულ გუნდს ვუსურვებ განერიდოს ყველა იმ უმსგავსობის გამეორებას, რაც მიუღებელი იყო ქართული საზოგადოებისთვის 2012 წლამდე. თავად ჩატარებული არჩევნების ტექნოლოგია, საფუძველს გვაძლევს ასეთი შეგონების დასაფიქსირებლად”, - განაცხადა ცისკარიშვილმა.