ის პოზიცია, რომ არავინ არ მინდა და არჩევნებზე სახლში ვრჩები, არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, - ამის შესახებ ვაკის ოლქში "ქართული ოცნების" გამარჯვებულმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზაზა ხუციშვილმა ქვეყანას არჩევნების სამართიანად ჩატარება მიულოცა, ასევე მიულოცა არჩევნებში გამარჯვებულებს.
"მადლობას ვუხდი იმ ამომრჩეველს, ვინც მოვიდა და მეორე ტურში იაქტიურა, მიუხედავად იმისა, ვის მისცა ხმა. ის პოზიცია, რომ არავინ არ მინდა და სახლში ვრჩები, არ არის სახელმწიფოებრივი პოზიცია", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, 50%-იანი ბარიერი, რაც არის დაწესებული, არის ძალიან მაღალი და საკმაოდ ბევრს გაუჭირდა მისი გადალახვა პირველ ტურში.
"თბილისში მხოლოდ ოთხმა მოახერხა პირველ ტურში გამარჯვება, დანარჩენ ოლქებში აკმაოდ სერიოზული კონკურენცია იყო, თუმცა პროგნოზირებადი იყო მეორე ტურებში მმართველი ძალის გამარჯვება", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.