“ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა” მომავალ პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობის სტატუს ინარჩუნებს. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, უმცირესობის სტატუსს ფრაქციაში გაერთიანებული და მათდამი მიმხრობილი დეპუტატები იძენენ, რომელთა საერთო რაოდენობა უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს უნდა აღემატებოდეს.
შესაბამისად, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეცხრე მოწვევის პარლამენტში 27 მანდატით შესულ ”ნაციონალურ მოძრაობას” საპარლამენტო უმცირესობის ფორმირება შეუძლია.
ამასთან, ”ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში სავარაუდოდ ერთზე მეტ ფრაქციას ვერ შექმნის, რადგან ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა მხოლოდ ერთი ფრაქცია შეიძლება შექმნან.
პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ეს შეზღუდვა მაჟორიტარ პარლამენტის წევრებზე არ ვრცელდება, თუმცა როგორც ცესკოს მონაცემებით არის ცნობილი, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერც ერთი მაჟორიტარული ოლქი ვერ მოიგო და შესაბამისად, მაჟორიტარული დეპუტატების რესურსით ფრაქციის ფორმირების ვერ შესძლებს.
”პატრიოტთა ალიანსის” სიით გასულ დეპუტატობის კანდიდატებს ექვსკაციანი, ე.წ. დამოუკიდებელი ფრაქციის შექმნა შეუძლიათ.
ამასთან, სავარაუდოდ, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები იქნებიან მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული სალომე ზურაბაშვილი და ”თოფაძე-მრეწველების” კანდიდატი სიმონ ნოზაძე, რომელმაც ხაშურის მაჟორიტარული ოლქი მოიგო. თუკი ეს ორი მაჟორიტარი რომელიმე საპარლამენტო გაერთიანებას არ შეურთდება, პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მოუწევთ საქმიანობა.
ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, ”ქართული ოცნება” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის სტატუსით შედის. სახელისუფლო პარტიამ პროპორციული წესით 44 მანდატი მიიღო, 73 მაჟორიტარული ოლქიდან კი, 71 მაჟორიტარი დეპუტატი გაიყვანა.
ამ შედეგით ”ქართული ოცნება” პარლამენტში 115 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.