მნიშვნელოვანია, კონსტიტუციის ხშირი ცვლილებისგან თავის შეკავება, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც თავაძე აღნიშნავს, ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, აუცილებელია ამ საკითხზე ფართო დისკუსია გაიმართოს და გადაწყვეტილება საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე იქნას მიღებული.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ასევე სასამართლოს მიმართ პოლიტიკური ხასიათის რიტორიკის შემცირების აუცილებლობაზეც საუბრობს.
”მნიშვნელოვანია შემცირდეს სასამართლოს მიმართ პოლიტიკური ხასიათის დაუსაბუთებელი რიტორიკა და გააქტიურდეს სამართლებრივი დისკუსია. ვეცდები შევასრულო შუამავალი რგოლის როლი მოსამართლეებს შორის და ხელი შევუწყო კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას. ძალისხმევას მივმართავ თანამშრომელთა კომპეტენციის ზრდისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვისკენ. საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვიანობა დღეს გაზრდილია. მხოლოდ წელს 150-მდე სარჩელი და წარგინებაა შემოსული, რაც თითოეული წევრის თავდაუზოგავ შრომას საჭიროებს. ვეცდები აპარატის გაძლიერებით და ეფექტიანი მენეჯმენტით მოსამართლეებს შევუქმნა ნაყოფიერი საქმიანობისთვის საჭირო პირობები”, - აცხადებს ზაზა თავაძე.
რაც შეეხება საკონსტიტუცი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებს, როგორც თავაძე აღნიშნავს, ის იქნება იმის გარანტი, რომ ასეთ ფაქტებს მყისიერი და ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.
”მნიშვნელოვანია, უმოკლეს დროში ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, რომლის შედეგად, ან დამნაშავე გამოვლინდება ან გაქარწყლდება კითხვები ზეწოლის შესახებ. ვიძლევი გარანტიას, რომ სასამართლოს რომელიმე წევრზე ზეწოლის ფაქტებს მოჰყვება მყისიერი და ადეკვატური რეაგირება”, - აღნიშნავს თავაძე ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.