სირიის ქალაქ ალეპოში აჯანყებულების ქმედებების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. სირიის საკითხებში გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტეფან დე მისტურას განცხადებით, ის „შოკირებული და შეშფოთებულია“ იმ ფაქტით, რომ მეამბოხეები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართულად ახორციელებენ დარტყმებს.
დე მისტურას ცნობით, ბოლო 48 საათის განმავლობაში აჯანყებულთა მხრიდან სარაკეტო დარტყმების შედეგად ათობით სამოქალაქო პირი დაიღუპა. მისი თქმით, აღნიშნული თავდასხმები შესაძლოა, სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს.
თავის მხრივ, სირიის მთავრობა იტყობინება, რომ აჯანყებულებმა ალეპოში ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რასაც ეს უკანასკნელები უარყოფენ.
აჯანყებულთა ძალებმა ალეპოს ბლოკადის გარღვევის მიზნით მასშტაბური შეტევითი ოპერაცია რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. აქტივისტების ცნობით, მემაბოხეთა თავდასხმებს 40-ზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, აქედან 16 ბავშვია.