ნიკა რურუა სალომე ზურაბიშვილზე - ეს ადამიანი უბრალოდ აიღეს და დადეს პარლამენტში

ნიკა რურუა სალომე ზურაბიშვილზე - ეს ადამიანი უბრალოდ აიღეს და დადეს პარლამენტში

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა რურუას შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა. 

როგორც რურუამ არჩევნების მეორე ტურის შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა, ბრძოლის ისეთი უთანასწორო პირობები, რაც საარჩევნოდ იყო შექმნილი, ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიისთვის ცუდია.

„ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ადამიანი უბრალოდ აიღეს და დადეს პარლამენტში. ამიტომ ამ ყველაფერზე მეცინება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ზოგადად ეს სასაცილო არ არის. როცა ასეთი უთანასწორო ბრძოლის პირობები იქმნება, ეს ცუდია დემოკრატიისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ცუდია ეკონომიკისთვის, ცუდია დანარჩენი ყველაფრისთვის. ასეთი გარემო, სამთავრობო თამაშის წესები იწვევს ყველაფრის ლპობას, იწვევს ქვეყნის დეგრადაციას“, - განაცხადა რურუამ.

როგორც ცნობილია, ნიკა რურუა და სალომე ზურაბიშვილი არჩევნების მეორე ტურში, მთაწმინდის ოლქში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ნიკა რურუამ ამომრჩეველთა ხმების 32,42%, სალომე ზურაბიშვილმა კი, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, 67,58% მიიღო.