არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩევლებს მიეცათ საშუალება გამოეხატათ საკუთარი ნება, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟვანიამ აღნიშნულისთვის საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს და ცესკოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
„არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩევლებს მიეცათ საშუალება გამოეხატათ საკუთარი ნება. დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები, თუმცა მთლიანობაში პროცესი განხორციელდა გამჭვირვალედ და ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში, შეფერხების გარეშე შეძლეს კენჭისყრაში მონაწილეობა.
მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს, ვინაიდან მათ გამოიჩინეს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მივიდნენ არჩევნების მეორე ტურზე. მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს გაწეული საქმიანობისთვის. მათ დიდი ძალისხმევა ჩადეს, რომ პირველ რიგში მაღალ დონეზე მომსახურებოდნენ ამომრჩეველს და, რა თქმა უნდა, პროფესიონალურ დონეზე უზრუნველეყოთ არჩევნების ორგანიზება.
მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, მედიას, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ვინაიდან მათ ჩვენთან ერთად ხელი შეუწყვეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.