ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობას უფლებამოსილება ეხსნება - პრემიერ-მინისტრი და მინისტრები დროებით მოვალეობის შემსრულებლები ხდებიან, რის შემდეგაც ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები დაიწყება.
კერძოდ, პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 5-დღის ვადაში პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს, ხოლო პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წამოაყენებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7-დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს. სხდომის თარიღს პრეზიდენტი ნიშნავს. პრეზიდენტი ხსნის უშუალოდ პირველ სხდომასაც.