საქართველოში არჩევნები შედგა და მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა ”ქართულ ოცნებას”, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
კახა კალაძემ მოსახლეობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიულოცა. ”მინდა საქართველოს მოსახლეობას მივულოცო საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. დღევანდელი დღე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო დემოკრატიული განვითარების გზაზე. არჩევნებმა ჩაიარა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, სადაც ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა საკუთარი არჩევანი გაეკეთებინა.
მადლობას ვუხდით ამომრჩეველს აქტიურობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. საქართველოში არჩვნები შედგა და მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა ”ქართულ ოცნებას”. ჩვენს ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით, პრაქტიკულად ყველა საარჩევნო ოლქში ლიდერობენ პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატები”, - განაცხადა გუშინ კალაძემ.
”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, პარტია მზად არის საზოგადოების მიერ დაკისრებული ნდობა გაამართლოს და განაგრძონ იმ გეგმის განხორციელება, რომელიც სწრაფი განვითარების გზით საქართველოს მოსახლეობას კეთილდღეობას მოუტანს.