"ნაციონალურ მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ნიკა რურუა აცხადებს, რომ უბნების დარბევა თავად "ქართული ოცნების" გეგმაა. ნიკა რურუა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას "ფეისბუქში" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კობახიძე ცრუობს.
რურუა განმარტავს, რას ემსახურება კობახიძის განცხადება. "ქართული ოცნების" სპიკერის, ირაკლი კობახიძის ცრუ განცხადება, ვითომდა ჩვენს მიერ ე.წ. არეულობის დაგეგმვის შესახებ, შეიძლება ემსახურებოდეს ერთ მიზანს: კერძოდ, იმას, რომ იმ უბნებზე, სადაც "ქართული ოცნების" მარიონეტი პირწმინდად წააგებს არჩევნებს, და ასეთი, ჩვენი ვარაუდით უბანთა უმეტესობა იქნება, თვითონ მოაწყონ უბნის დარბევა მართული ბრბოების ხელით, როგორც ამას ადგილი ჰქონდა სამეგრელოს რამდენიმე უბანსა და მარნეულში. ამით მმართველი პარტია მთელი არჩევნების ლეგიტიმურობას ჩააგდებს სერიოზულ საფრთხეში, რადგან ის ხელისუფლება, რომელიც თვითონვე არღვევს კანონს, საკუთარ გარდაუვალ აღსასრულს ეპატიჟება",- განაცხადა რურუამ.
ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკოლოზ რურუა არეულობის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რურუა საარჩევნო უბნებზე არეულობის მოსაწყობად ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის გამოყენებას გეგმავს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერაა შექმნილი და ათასობით დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრირებული ცესკოში.