სრულიად გაუგებარია, უბნების დახურვიდან 10 წუთის შემდეგ ვინმეს ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა იყო არჩევნების შედეგი, - ასე გამოეხმაურა ”ნაციონალური მოძრაობის წევრი” სალომე სამადაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსახლეობის უდდესმა ნაწილმა ნდობა ”ქართულ ოცნებას” გამოუცხადა.
როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, როგორც ჩანს კახა კალაძე კარგად არის ინფორმირებული თუ რა გაყალბების მექანიზმებით აპირებს ”ქართული ოცნება” ყველა ამ ოლქის მოგებას.
”როგორც ჩანს კახა კალაძე კარგად არის ინფორმირებული თუ რა გაყალბების მექანიზმებით აპირებს ”ქართული ოცნება” ყველა ამ ოლქის მოგებას, იმიტომ რომ საარჩევნო უბნები ზუსტად 10 წუთის წინ დაიხურა ამიტომ სრულიად გაუგებარია ვინმეს ქონდეს ინფორმაცია, თუ რა იყო ამ არჩევნების შედეგი. მსგავსი განცხადებები აჩვენებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ნათლად და აშკარად აჩვენა რომ მათ არანაირი პოლიტიკური ნება არც არასდროს არ ქონიათ და არც დღეს არ აქვთ იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარებულიყო სამართლიანად და თავისუფალ გარემოში”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოში არჩევნები შედგა და მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა ”ქართულ ოცნებას”, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
კახა კალაძემ მოსახლეობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიულოცა. ”მინდა საქართველოს მოსახლეობას მივულოცო საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. დღევანდელი დღე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო დემოკრატიული განვითარების გზაზე. არჩევნებმა ჩაიარა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, სადაც ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა საკუთარი არჩევანი გაეკეთებინა.
მადლობას ვუხდით ამომრჩეველს აქტიურობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. საქართველოში არჩვნები შედგა და მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა ”ქართულ ოცნებას”. ჩვენს ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით, პრაქტიკულად ყველა საარჩევნო ოლქში ლიდერობენ პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატები”, - განაცხადა კალაძემ.