ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მეორე ტურში კენჭისყრის პროცესმა მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიარა.
როგორც ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა, დაფიქსირებული დარღვევები, ძირითადად პროცედურული და ტექნიკური ხასიათისაა და დიდწილად, გამოწვეულია საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთა არაკვალიფიციურობით.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა ცენტრის დაფიქსირებული დარღვევები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
„პირველ ტურთან შედარებით, შეინიშნებოდა ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა, რაც ალბათ იმითაც უნდა აიხსნას, რომ მეორე ტური მხოლოდ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ჩატარდა და საარჩევნო ბრძოლაც, ძირითადად, ორი პოლიტიკური პარტიის კანდიდატებს შორის მიმდინარეობდა. ამომრჩევლებისგან განსხვავებით, ისევე როგორც არჩევნების პირველ ტურში, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ გადამეტებულად აქტიურობდნენ "ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები და აგიტატორები, რომლებიც აღწერდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს და ირიბად ახდენდნენ ზემოქმედებას მათ არჩევანზე. აღნიშნული ფაქტების არსებობს ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენას. ამავე დროს როგორც 8 ოქტომბრის კენჭისყრისას გამოვლინდა, საარჩევნო უბანთან შეკრებილი სხვადასხვა პარტიების აგიტატორები, კოორდინატორები და მხარდამჭერები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და ზოგჯერ მსგავსი დაპირისპირება ფიზიკური შეხლა-შემოხლით მთავრდებოდა. მსგავსი კონფლიქტები კი ხელს უშლის კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარებას”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ყიზილაჯლო დამკვირვებელთა და მედიის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყვნენ.
როგორც ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა, ამ სოფლისადმი გაზრდილი ინტერესი გამოწვეული იყო პირველ ტურში 48 -ე უბანზე კენჭისყრის პროცესის ჩაშლის გამო.
„აღნიშნულ უბანზე, დღის განმავლობაში, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა მარკირებაგავლილი ამომრჩევლების უბანზე შეღწევის ათობით ფაქტი დააფიქსირა. მათი უმეტესობა უკან გააბრუნეს. თუმცა, ორმა მარკირება გავლილმა ამომრჩეველმა მაინც მოახერხა ხმის მიცემა ხმის, რაზეც ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაწერა საჩივარი. გარდა მარნეულში დაფიქსირებული შემთხვევისა, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მათმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს სხვადასხვა სახის დარღვევები”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, შიდა ქართლში, ზემო ნიქოზის საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი პირადობის მოწმობის გარეშე ცდილობდა შესვლას.
„ამის გამო, მას კომისიამ უბანზე შესვლის უფლება არ მისცა, რამაც დამკვირვებლების გაღიზიანება გამოიწვია. მან განაცხადა რომ იგი არის პარლამენტის დეპუტატი,თამაზ შიოშვილი,კენჭისყრის მეორე ტურს 7 ოლქში დააკვირდა და მისთვის არსად მოუთხოვიათ პირადობის მოწმობა,რადგან მას ისედაც ყველა იცნობს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა