მნიშვნელოვანი დარღვევები კვლავაც არ ფიქსირდება საარჩევნო უბნებზე. მინდა გაგაცნოთ ინფორმაცია ორ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი.
პირველი უკავშირდება მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაჟორიტარობის კანდიდატს ნაც.მოძრაობიდან, იმამკულიევს განზრახული აქვს ახალგაზრდების მობილიზება. მას აქვს დაწყებული მუშაობა უკვე ამაზე, იმისათვის, რომ ხელოვნურად ჩაშალოს რამდენიმე უბანი მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში. აქ საუბარია ყიზილაჯლოს უბანზე კვლავ და ასევე საუბარია ქალაქ მარნეულის რამდენიმე საარჩევნო უბანზე. ეს არის ინფორმაცია, ჩვენ ვაფრთხილებთ ყველა ამ ადამიანს, რომელიც შეიძლება იყოს ჩართული ასეთ პროვოკაციებში, რომ თავი შეიკავონ კანონდაღრვევისგან, ამას აუცილებლად ექნება შესაბამისი რეაგირება.
მეორე ფაქტი დაკავშირებულია ქალაქ თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქთან, სადაც, როგორც ჩანს ნიკოლოზ რურუამ გაიგო უკვე წინასწარი შედეგები არჩევნების და მას განზრახული აქვს ასევე არეულობის მოწყობა ჩვენი ინფორმაციით საარჩევნო უბნებზე, ამისათვის ის აქტიურად იყენებს ჩვენს მიერ არაერთხელ ნახსენებ ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციას ALLMEDIA-ს, რომელიც ასე ვთქვათ პრესის საშუალებად არის დარეგისტრირებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და რომელსაც ჰყავს დარეგისტრირებული ათასობით ე.წ. დამკვირვებელი. ნიკოლოზ რურუა აპირებს ამ ორგანიზაციის გამოყენებას იმისათვის, რომ შექმნას არეულობა. ამის ნიშნები უკვე თვალსაჩინოა საარჩევნო უბნებზე. სამწუხაროდ, ეს ადამიანები, ე.წ. დამკვირვებლები ცდილობენ ხელოვნურად შეაფერხონ საარჩევნო კომისიების მუშაობა საარჩევნო უბნებზე მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. ამ შემთხვევაშიც მოვუწოდებთ ჩვენ ნაც.მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან, საარჩევნო პროცესის ხელოვნურად ხელის შეშლისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამასაც, ბუნებრივია, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.