„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თიკა ბოკუჩავას ცნობით, ქუთაისის 103-ე უბნის ტერიტორიაზე საარჩევნო სია აღმოაჩინეს, სადაც ადამიანების გვარ-სახელების გვერდით მიწერილია ციფრები, რაც სავარაუდოდ, თანხას აღნიშნავს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბოკუჩავამ განაცხადა, პარტიამ ამსახველი ფაქტები წარმოადგინა იმის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფულს რუსთავსა და ქურჩაში როგორ არიგებდნენ.
„ჩვენ ვსაუბრობდით, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნებზე ფული იყო გამოყენებული და რამდენიმე მტკიცებულება წარმოვადგინეთ იმის, ფულს თუ როგორ არიგებდნენ. შესაბამის მასალას ქუთაისიდანაც ველოდებით. საუბარი თანხაზე რომ არის, ეს იმითაც დასტურდება, რომ ფურცლის ბოლოს თანხა შეჯამებულია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავას ცნობით, მთაწმინდის 24-ე, 21-ე და მე-9 საარჩევნო უბანზე ადგილი ე.წ. კარუსელს ჰქონდა.
„ე.წ. კარუსელის ამსახველ მტკიცებულებას ბათუმიდან და მარნეულიდან ველოდებით. ასევე სამწუხაროდ, იორმუღალოში, იმ საარჩევნო უბნებზე, სადც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები წააგო, ე.წ. გადასატანი ყუთი გამოიყენეს, რომლის სიაც გაბერილია და ყუთით იმ ადამიანებმა ისარგებლეს, რომელთაც გადაადგილების პრობლემა არ აქვთ“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.