ე.წ. კარუსელს ადგილი ჰქონდა მთაწმინდის  მე-9 და 28-ე საარჩევნო უბანზე

ე.წ. კარუსელს ადგილი ჰქონდა მთაწმინდის მე-9 და 28-ე საარჩევნო უბანზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თიკა ბოკუჩავა ე.წ. კარუსელის ფაქტებზე საუბრობს და ცესკო-ს მოუწოდებს, მსგავს ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბოკუჩავამ განაცხადა, მარიკირების მქონე ადამიანები ერთსა და იმავე უბანზე შედიან.

მისი ინფორმაციით, ე.წ. კარუსელს ადგილი ჰქონდა მთაწმინდის  მე-9 და 28-ე საარჩევნო უბანზე.

„ასეთი ტიპის დარღვევები ფიქსირდება ბათუმსა და მარნეულში, რაც კლასიკური მაგალითია ე.წ. კარუსელის. ითქვა, რომ ამ ადამიანებს 8 ოქტომბრის შემდეგ ხელი არ ჰქონდათ დაბანილი. მთაწმინდის ამომრჩევლისთვის შეურაცხმყოფელია, რომ თურმე, მათ მესამე კვირაა ხელი არ დაუბანიათ. თუ ცესკო ამ კანონდარღვევის მონაწილე არ  არის, ისინი ცდილობენ, ამ უკანონობას ხელი დააფარონ. ამიტომ, ცესკო-ს მოვუწოდებთ, ამ ქმედებაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს“, - ამბობს  ბოკუჩავა.

ბოკუჩავას ცნობით,  ასევე გრძელდება კრიმინალური მენატლიტეტის მქონე ადამიანების მობილიზაცია და ეს განსაკუთრებით პრობლემურია გორში.

„სპორტსმენებისა და კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანების მობილიზაცია ხდება, რითაც ცდილობენ, რომ ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინონ. მთაწმინდაზე გიორგი მიქაძე და არჩილ გეგენავა უბენებზე პირადად დადიან და ადამიანებზე ზეწოლა ხორციელდება, რომ მათ არჩევანი თავისუფლად არ გააკეთონ.  სამართალდამცვებს მოვუწოდებ, ამ ფაქტებს ყურადღება მიაქციონ“, - დასძინა ბოკუჩავამ.

ასევე ბოკუჩავას ინფორმაციით, მარნეულში ფაქტი დაფიქსირდა, როცა ხმას პირდობის გარეშე აძლევენ.