ცესკოს განცხადება მარნეულის №50-ე უბანთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

ცესკოს განცხადება მარნეულის №50-ე უბანთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

ცოტა ხნის წინ მედიასაშუალებებით და სოციალური ქსელების მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთარ კახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ჩვენი შემოწმებით არ დადასტურდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია და შედეგად მარნეულის №50-ე უბანზე დაფიქსირდა ერთი შემთხვევა,- როდესაც კომისიის წევრმა საარჩევნო კაბინიდან გამოსულ ამომრჩეველს მიუთითა გადაუკეცავი ბიულეტენი გადაეკეცა და ისე მოეთავსებინა კონვერტში. 

დილიდან 50-ე საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და „თანასწორობის ცენტრის“ დამკვირვებელი უფლებამოსილებას ამეტებდნენ და კომისიის წევრებს ხელს უშლიდნენ მათი საქმიანობის განხორციელებაში. მათ რამდენჯერმე მიეცათ გაფრთხილება, რის შემდეგაც დაატოვებინეს საარჩევნო უბანი.

საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს, არ შეუშალონ ხელი კენჭისყრის მიმდინარეობას. ჩვენ, ასევე მოგმართავთ თხოვნით, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ზიანს აყენებს საარჩევნო პროცესს.