მარნეულში ამომრჩევლის არანაირი მოსყიდვა არ ხდება და არც რაიმე დარღვევაზე გვაქვს ინფორმაცია

მარნეულში ამომრჩევლის არანაირი მოსყიდვა არ ხდება და არც რაიმე დარღვევაზე გვაქვს ინფორმაცია

მარნეულის №36 ოლქში, პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი თამაზ ნავერიანი ამომრჩევლის მოსყიდვას, ან რაიმე დარღვევაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ თამაზ ნავერიანმა ჟურნალისტებს მარნეულში, 85-ე უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს.

”მოლოდინი არის ძალიან კარგი. არჩევნები მიმდინარეობს დემოკრატიულ ვითარებაში. გვაქვს სურვილი, რომ ასე მშვიდად ჩატარდეს არჩევნები. არანაირი

მოსყიდვა არ ხდება ამომრჩევლის და არც რაიმე დარღვევაზე გვაქვს ინფორმაცია”, -განაცხადა ნავერიანმა.

მარნეულში დარღვევებზე ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა ისაუბრა.

მისი თქმით, რამდენიმე უბანზე დააფიქსირეს დარღვევები.

”მაგალითად, სოფელ ქვემო სარალში მიმდინარეობს ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიციით დაშინება და ამას ახორციელებს ”ქართული ოცნების” აქტივისტი შარმან აბდულ რახმანოვი, რისი დამადასტურებელი ფოტომასალაც გვაქვს. მსგავსი დარღვევები ფიქსირდება სოფელ ორაფლოში, ასევე დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი ყიზილაჯლოს 50-ე უბანსა და ქალაქ მარნეულის საარჩევნო უბნებზე”, - განაცხადა იმამკულიევმა.