უსკო - დაფიქსირებულია რამდენიმე პროცედურული დარღვევა, რისთვისაც დაიწერა სამი საჩივარი

უსკო - დაფიქსირებულია რამდენიმე პროცედურული დარღვევა, რისთვისაც დაიწერა სამი საჩივარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული 348-ვე უბანი კანონით დადგენილ დროზე, 08:00 საათზე გაიხსნა, დაწყებულია კენჭისყრის პროცედურა და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, - ამის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგზე უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით, რამდენიმე პროცედურული დარღვევა დაფიქსირდა და დაიწერა სამი საჩივარი. 

"დაფიქსირდა რამდენიმე პროცედურული დარღვევა. მაგალითად, ბათუმის 24-ე უბანზე საკონტროლო ფურცელი ჩააგდეს პირველი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე. ბათუმის 66-ე უბანზე არ იყო ხმის მიცემის კაბინაზე ფოტო-ვიდეო გადაღემის ამკრძალავი ნიშანი, რაც ადგილზევე აღმოიფხვრა. ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის 69-ე უბანზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო არ გამოცხადდა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, სადაც კომისიის წევრებმა, მდივნის ფუნქციის შესასრულებლად, თავმჯდომარის და მოადგილის გარდა, დარჩენილი 10 წევრისგან აირჩიეს ერთ-ერთი", - აღნიშნა პარმენ ჯალაღონიამ. 

მისი განმარტებით, ბათუმის 1-ელ უბანზე დაწერილ საჩივარზე კომისია მას შემდეგ იმსჯელებს, როცა ის უსკო-ში მივა. 

აჭარაში, მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური 6-ვე მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარეობს.

რაც შეეხება ბიულეტენების რაოდენობას, როგორც პირველ ტურში, ამ შემთხვევაშიც ექვსივე ოლქში გადანაწილდა 292 700 ბიულეტენი.