ცესკოს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიღება 18 ნოემბრამდე მოუწევს

ცესკოს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიღება 18 ნოემბრამდე მოუწევს

18 ნოემბერი ის უკიდურესი ვადაა, როცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოსცეს. 

საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა იღებს. 

რაც შეეხება ახალარჩეული პარლამენტის შეკრების პირველ დღეს, პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტში ნათქვამია, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ იმართება - არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან, 20 დღის განმავლობაში. 

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს პრეზიდენტი ნიშნავს. ასევე პრეზიდენტი ხსნის ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას. 

პარლამენტი პირველივე სხდომაზე აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს და ვიცე-სპიკერებს, ასევე დააკომპლექტებს კომიტეტებს და აირჩევს მათ თავმჯდომარეებს. 

ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობას უფლებამოსილება ეხსნება - პრემიერ-მინისტრი და მინისტრები დროებით მოვალეობის შემსრულებლები ხდებიან, რის შემდეგაც ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები დაიწყება. 

კერძოდ, პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 5-დღის ვადაში პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს, ხოლო პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წამოაყენებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7-დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. 

პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.