აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური, ხოლო ხუთ ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება. 

ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის სამ ოლქში უბანზე მისული ამომრჩეველი 2 ბიულეტენს მიიღებს: ერთი - უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული, ერთი კი - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისთვის, ხოლო ხულოს მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც მოიცავს ხულოს, ქედასა და შუახევს, ამომრჩეველი მხოლოდ ერთ ბიულეტენს მიიღებს და მაჟორიტარს უმაღლეს საბჭოში აირჩევს. ამ ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი პირველივე ტურში გამოვლინდა. 

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ორი საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის კანდიდატები მონაწილეობენ. ესენია, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები.

აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა 2016 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით 308 506 იყო. დღეს კი რეგიონში მცხოვრებ კიდევ 70 მოქალაქეს მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რადგან მათ 1-ელი ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ 18 წელი.