კალაძის აზრით, უსუფაშვილმა

კალაძის აზრით, უსუფაშვილმა "რესპუბლიკელების" საარჩევნო სლოგანი - გავთავისუფლდეთ, სისრულეში მოიყვანა

"ქართული ოცნების" გენერალურ მდივან, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ, კახა კალაძეს დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებამ "რესპუბლიკელების" სლოგანი გაახსენა.

როგორც ცნობილია, დღეს, დავით უსუფაშვილმა პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა და რაიმე თანამდებობაზე დანიშვნა გამორიცხა. 

"მთელი საარჩევნო კამპანია "რესპუბლიკურმა" პარტიამ "ქართული ოცნების" ლანძღვაში გაატარა, რაც მათ შედეგებზეც აისახა. მინდა, მას წარმატება ვუსურვო - ის არის ადამიანი, რომელიც იბრძოდა ჩვენთნ ერთად კოალიციაში, თუმცა მისი განცხადებები იყო არაადეკვატური საარჩევნო კამპანიის დროს. მათი სლოგანი იყო - "გავთავისუფლდეთ" და დღეს, დავით უსუფაშვილმა მართლაც მიიღო გადაწყვეტილება გათავისუფლებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, წარმატებას ვუსურვებ მას", - განაცხადა კალაძემ "TVპირველის" ეთერში.

რაც შეეხება დავით უსუფაშვილთან შესაძლო თანამშრომლობას, კალაძის თქმით, ეს საკითხი გიორგი კვირიკაშვილის გადასაწყვეტია, თუმცა ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა და სავარაუდოდ, დავით უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნაზე იზრუნებს.