გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი "პატრიოტთა ალიანსთან" და ნინო ბურჯანაძის პარტიასთან რაიმე ტიპის თანამშრომლობას გამორიცხავს

ვფიქრობ, რომ რაიმე ტიპის ბლოკში, კოალიციაში თანამშრომლობაში შესვლა ნინო ბურჯანაძის პარტიასა და „პატრიოტთა ალიანსთან“ გამორიცხულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა „ნაციონალურ მოძრაობის“ 27%-იან მხარდაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამ პარტიას მხარს უჭერს. 

„ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნის გარკვეული ნაწილი უჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“, შეიძლება, ჩემთვის იყოს სამწუხარო, მაგრამ ეს არის ფაქტი და ჩვენი მოსახლეობის ნების გამოხატულება. ეს არის არჩევნების შედეგი, იმ არჩევნების, რომელიც იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, მიუხედავად იმ ნაკლოვანებებისა, რომელიც გამოვლინდა ზოგიერთ უბანზე. მთლიანობაში ეს იყო  წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, საიდან მოვდივართ, რა ტიპის არჩევნებიდან მოვდივართ და 2012 წლის არჩევნებთან შედარებით მართლაც დიდი პროგრესია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსსა" და ნინო ბურჯანაძის პარტიასთან რაიმე ტიპის თანამშრომლობა გამორიცხულია.

„კონკრეტულ ინიციატივაზე, მაგალითად თუ ისინი გამოიჩენენ სურვილს, რომ მხარი დაუჭირონ, ამის წინააღმდეგი ვინ უნდა იყოს. პარლამენტში როცა შემოდის პოლიტიკური ძალა, ბუნებრივია, იქ დიალოგი იქნება.  მე ვთქვი ის, რომ სტრატეგიული მიმართულება ჩვენ სხვადასხვა გვაქვს. ჩვენი პოლიტიკური პარტია არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე. სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობაც" აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მაგრამ მათი მიზნების მიღწევის გზები, ის შემადგენლობა, რომელიც მათი მმართველობის დროს ქვეყანაში იქმნებოდა, არ შეესაბამებოდა ქვეყანაში ევროპულ ფასეულობებს. ეს იყო აბსოლუტურად ავტორიტარული მმართველობა, სხვა პრინციპებზე დაყრდნობილი, მედიის, სასამართლოს პროკურატურის სისტემის უზურპაციაზე  და ასე შემდეგ. ადამიანის უფლებებზე და საკუთრების უფლებების დარღვევაზე აღარ ვლაპარაკობ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოში ნამდვილი დემოკრატიის დამკვიდრებისკენ მიისწრაფვის.

„ჩვენ მოვდივართ იმ წარსულიდან, რომელიც შორის იყო ევროპული წარსულისგან. მათ შორის რეგიონებში. ეს არის პროცესი და ამ პროცესში ვიმყოფებით ჩვენ. ჩვენ ვიმყოფებით ქვეყნის სტრუქტურული და შინაარსობრივი გარდაქმნის პროცესში და ეს გარდაქმნის პროცესი „ქართული ოცნების მმართველობის პირობებში არის შეუქცევადი. ჩვენ მივდივართ ნამდვილი დემოკრატიული ღირებულებებისკენ ისე, რომ საქართველომ შეინარჩუნოს უნიკალური იდენტობა, კულტურული მემკვიდრეობა და წარსული, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ამითიც ვართ განსხვავებული“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.