რუსეთთან მიმართებაში გაგრძელდება პოლიტიკა, რაც იყო 4 წლის განმავლობაში

რუსეთთან მიმართებაში გაგრძელდება პოლიტიკა, რაც იყო 4 წლის განმავლობაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრუქტურებში. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა “ქრონიკის” ეთერში განაცხადა, საქართველოს ნატო-ში წევრობა არის დროის საკითხი და აქ შეკითხვები გამორიცხულია.

“რაც შეეხება იმას, რომ ეს არ უნდა იყოს მიმართული მტრულად არც ერთი ქვეყნის მიმართ, ჩვენ მუდმივად ვაგზავნით ამ სიგნალებს, რომ ჩვენ არ გვინდა ნატო-ს წევრობა არავისთან სამტროდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ აქეთკენ არის მიმართული ჩვენი პოლიტიკა, რომ რეგიონში და ჩვენს სამეზობლოში ჩვენ შევამციროთ დაძაბულობა. ჩვენ გვინდა დავწიოთ ტემპერატურა იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს სრული დინამიკით სვლა დასავლეთის მიმართულებით. რუსეთთან მიმართებაში ის პოლიტიკა, რაც იყო 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პოლიტიკამ გაამართლა. ძალიან ბევრი შეტევის მიუხედავად, კრიტიკის მიუხევაად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასოდეს არ ჰქონია საქართველოს ისეთი მაღალი დინამიკა დასავლეთთან მიმართებაში, როგორიც არის დღეს”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილი.

მისივე თქმით, ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე, საქართველოს ძალიან წარმატებული 4-წლიანი გამოცდილება აქვს.

“დღეს სრულიად ახალ დღის წესრიგზე ვმუშაობთ. 2017-20 წლის პერსპექტივაში. დეკემბრის დასაწყიში ჩვენ გვაქვს ასოცირების საბჭო, რომელსაც ერთობლივად ბრიუსელში ვატარებთ და ერთობლივად შეჯამდება. გვაქვს სამხედრო რეფორმა, რომელიც სრულ თანხვედრაშია ნატო-სკენ მისწრაფებებთან. ამ გეგმის განხორციელებისთვის გვაქვს წვრთნისა და შეფასების ცენტრი, გვაქვს მემორანდუმი აშშ-სთან საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებაზე, ამას წინ ვერაფერი დაუდგება. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა რამენაირად პროვოცირება მოახდინოს მოვლენების გამწვავების რეგიონში”,- განაცხადა საქართველოს პრემიერმა.