ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების მილოდინი არ არსებობს

ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების მილოდინი არ არსებობს

ლარის კურსთან დაკავშირებით საფუძველი იმის, რომ ჩვენ გვქონდეს მოლოდინი მნიშვნელოვანი გაუფასურების, არ არსებობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში.

მისი თქმით, ყველა ის ფაქტორი, რომელიც ლარის კურსზე ზემოქმედებს არის ამოწურული და არანაირ მნიშვნელოვან რყევებს არ უნდა ველოდოთ.

“იყო დროებითი ფაქტორები, რომელიც დღეს ამოწურულია. მაგალითად, იყო ერთ-ერთი ბანკის შერწყმა მეორე ბანკთან, რომლის დროსაც საჭირო გახდა დამატებითი ვალუტის შეძენა. ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ იყო ასევე სხვა ფაქტორები. ვინაიდან ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ბევრ ქვეყანაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი გაუფასურებები ვალუტის, ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი გაიაფება იმპორტირებული საქონლის. ჩვენ მივიღეთ ასევე ექსპორტირებულ საქონელზე ფასების ვარდნა. რაოდენობრივად, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ ანალიზები, რაოდენობრივად არის გაზრდილი ჩვენი ექსპორტი, ერთეულებში თუ ვისაუბრებთ. ანუ ჩვენ უფრო მეტ საქონლის ექსპორტს ვახდენთ დღეს, ვიდრე ვახდენდით, მაგრამ ფულად გამოხატულებაში ეს არის შემცირებული, ამიტომ გამომდინარე იქიდან, რომ იმ ბაზრებზე, რომლებზეც ასეთი მდგომარეობა იყო, წამოსულია უკან სიტუაცია და ნორმალურ ფარგლებს უბრუნდება ეკონომიკური მაჩვენებლები, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ექსპორტიც არა მარტო დაუბრუნდება წინა მაჩვენებლებს, არამედ მნიშვნელოვნად გადააჭარბებს. ლარზე ზემოქმედების ფაქტორები მოკლევადიან პერსპექტივაში ამოწურულია”,- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირკაშვილის განცხადებით, ძალიან დიდი რაოდენობით ვალუტა შემოვა ქვეყანაში და ჩვენ საშუალო და ცოტა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა გვქონდეს ლარის მნიშვნელოვანი გამყარებაც. პრემიერი იმედოვნებს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარი გამყარდება.

“რა თქმა უნდა, ერთ დღეში ჩვენ ეკონომიკის სტრუქტურას ვერ შევცვლით, რადგან ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ვაჭრობაზე დამყარებული ეკონომიკა. ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენ გადავდგით, ეს იყო „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლითაც ჩვენ ადგილობრივ საწარმო პოტენციალს ვქმნით, რა თქმა უნდა, იქონიებს გავლენას ადგილობრივ ინდუსტრიულ პროცესზე და აუცილებლად დაისახება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი ვალუტის კურსზე. ვფიქრობ, ის რაც შეიძლება უარყოფითზე გვესაუბრა, ეს ფაქტორები დღეს ამოწურულია. თუ არ მოხდა, ღმერთმა დაგვიფაროს, რაიმე საერთაშორისო ისეთი კატაკლიზმები, რომელმაც შეიძლება, რომ სერიოზული გავლენა მოახდინოს, უკვე აღარ უნდა ველოდოთ ჩვენ დრამატული მიმართულებით ლარის კურსის განვითარებას. გვაქვს განსაზღვრული ნაბიჯები, რომ ლარში სესხების გაცემა წავახალისოთ იმისათვის, რომ ლარში დაგროვება წავახალისოთ. მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს დოლარიზებული საკრედიტო პორტფელები და ადამიანები დოლარში სესხულობენ არის ის, რომ ბანკებს არ გააჩნიათ ლარში მოზიდული გრძელვადიანი სახსრები. ამიტომ ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ის, რომ წავახალისოთ ადგილობრივი წარმოება, ის, რომ საპენსიო სისტემა შევქმნათ, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით, 150-დან 200 მილიონ ლარამდე რესურსს მოიტანს გრძელვადიანს საქართველოში, რომელიც დაბანდდება რა თქმა უნდა ისე, რომ ქვეყანში შექმნის ლარი ს ბაზას, რომ საკრედიტო პორტფელები ლარში იყოს გამოხატული. ეს აუცილებლად იქონიებს ზეგავლენს პოზიტიური კუთხით ადგილობრივი ვალუტის კურსზე”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.