რაიმე მოდელის წინასწარ განხილვა უკიდურესად არასწორია, რადგან ეს უკვე გამორიცხავს საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას

რაიმე მოდელის წინასწარ განხილვა უკიდურესად არასწორია, რადგან ეს უკვე გამორიცხავს საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას

საკონსტიტუციო ცვლილებების თემა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ასეთი აჟიოტაჟის ამბავი, როგორც არის  დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ არ იყო სწორი „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრის მხრიდან ამ თემის გააქტიურება.

„ვფიქრობ, ისიც არასწორი იყო, რომ ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრმა მოახდინა ამ თემის გარკვეულად აქტივიზაცია. მაშინვე გავაკეთე განცხადება, რომ საკონსტიტუციო კომისია, რომელიც არსებობს, უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ძალიან ფართო ფენების ჩართულობა ასეთი საკითხების გადაწყვეტის დროს. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელზეც შეთანხმდება არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ და საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი, ჩემი მიზანი. ამიტომ ვფიქრობ, რომელი ინსტიტუცია რა ადგილს დაიკავებს საქართველოს მოწყობის ახალ სისტემაში, რომელიც დამერწმუნეთ, ნამდვილად შესაცვლელია, დღეს ამის დაანონსება, კონკრეტული მოდელის გამოცხადება პრემიერ-მინისტრის, მითუმეტეს, იმ გუნდის ლიდერის მხრიდან, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობაში მოდის, ძალიან არასწორი იქნება. ეს იქნება წინასწარ  განსაზღვრა იმ საკითხის, რომელზე ჩართულობითი დიალოგის გამოცხადება იყო ჩემი ინიციატივა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, რაიმე მოდელის წინასწარ განხილვა-გამოცხადება უკიდურესად არასწორია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს უკვე გამორიცხავს თავისთავად შემდგომში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას ამ დიალოგში.

„დღეს ჩემს ჩამოყალიბებულ პოზიციას ვერ მოისმენთ. რა თქმა უნდა, ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ ამის გამოცხადებას დღეს არ ვაპირებ, რადგან ეს ჩართულობას ამ პროცესში ძალიან ხელს შეუშლის“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.