დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი "რესპუბლიკური პარტიის" დატოვების მიზეზად პარტიის სხვა ლიდერებთან აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს

საქართველოს პარლალმენტის მოქმედი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "რესპუბლიკური პარტიის" დატოვების მიზეზად პარტიის სხვა ლიდერებთან აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს.

როგორც უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა,  გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ პარტიის სხვადასხვა ლიდერებს განსხვავებული ხედვები აღმოაჩნდათ სხვადასხვა მიმართულებით.

"მივიღე ადამიანურად მძიმე, მაგრამ პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება. ინფორმაცია, რომელიც ორშაბათს უნდა გამხდარიყო ცნობილი, დღეს გახდა ცნობილი და ამის გამო ძალიან ვწუხვარ. "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერები ტელევიზორიდან შეიტყობენ ამას. დიახ, მე ვტოვებ "რესპუბლიკელებს", მაგრამ ვრჩები ოპოზიციაში და გავაგრძელებ სხვა ველზე საქმიანობას. ჩემი ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მე და პარტიის სხვადასხვა ლიდერებს განსხვავებული ხედვები აღმოგვაჩნდა სხვადასხვა მიმართულებით, ამავე დროს, მე ვერ მივცემდი თავს უფლებას, ხელი შემეშალა პარტიის საქმიანობისთვის",-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა პარტიის წევრებს და კონკრეტულად დავით ბერძენიშვილს.

"ამ პარტიაში ავიდგი ფეხი, მე დავით ბერძენიშვილმა მაქცია პოლიტიკოსად და მას ვუხდი განსაკუთრებულ მადლობას.  მადლობას ვუხდი "რესპუბლიკურ პარტიას". მჯერა, ერთი საქმისკენ სწრაფვას კვლავ გავაგრძელებთ, მაგრამ სხვადასხვა ფლანგიდან",-აღნიშნა უსუფაშვილმა.