,,ნაციონალური მოძრაობის“ აგიტატორები ურეკავენ სოციალურად დაუცველ პირებს და ატყუებენ, რომ სოციალური დახმარება მოეხსნათ, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თელავისა და ყვარლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ მეთოდით ,,ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა გაღიზიანებას და ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობას.
ირაკლი სესიაშვილის მოუწოდებს სამართალდამცავებს, დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და მოახდინონ რეაგირება.
,,ნაციონალური მოძრაობა“ რომელიც არის გაკოტრებული, არჩევნების პირველ ტურში პირდაპირ ატყუებდა პენსიონერებს და სოციალურად დაუცველებს, რომ არჩევნების მეორე დღეს მისცემდნენ 50 ლარს და სწორედ ამით შეიქმნა ის ვითარება, რომ მეორე ტური დაინიშნა. დღეს უკვე კონკრეტული ფაქტები მაქვს მთელი კახეთის მასშტაბით, სადაც ,,ნაციონალური მოძრაობის“ აგიტატორები ურეკავენ სოციალურად დაუცველ პირებს და ატყუებენ, რომ სოციალური დახმარება მოეხსნათ. ამ კამპანიით ცდილობენ, ჩვენი ამომრჩეველი გააღიზიანონ და ,,ქართული ოცნების“ წინააღმდეგ განაწყონ.
მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, რომ არანაირ ღონისძიებებს არ ატარებენ სოციალური სამსახურები, არ ტარდება სოციალური შემწეობის მოხსნა. ეს არის ,,ნაციონალური მოძრაობის“ ბინძური პროპაგანდა და მცდელობა, რომ ამომრჩეველი განაწყონ ხელისუფლების წინააღმდეგ. მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროპაგანდაში ჩართულნი არიან ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დავალებით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც ადამიანებს ხელისუფლების სახელით ატყუებენ. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდდნენ ამ საკითხით და ადექვატური რეაგირება მოახდინონ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.