"სალომე ზურაბიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთის ბაზების საქართველოდან გაყვანაში"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე "ნაციონალურ მოძრაობას" პასუხობს.

როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ "ოკუპანტის სტატუსი, რაც რუსეთს მიენიჭა და რაც რეალობის სწორი ასახვაა, ყოველმხრივ გვბლოკავს - ვერ ვმონაწილეობთ იმ მოლაპარაკებებში, რომელსაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები მართავენ და ჩვენს სუვერენიტეტს იცავენ. ისინი თავისუფალნი არიან, რომ ჩვენს ოკუპანტს დაელაპარაკონ".

ეს განცხადება, რომელსაც ოპონენტების კრიტიკა მოჰყვა, ოპოზიციამ მმართველი გუნდის პოლიტიკას დაუკავშირა.

"რა თქმა უნდა რუსეთი ოკუპანტია და ჩვენ ამას ყველგან და ყოველთვის ვაფიქსირებთ, მაგრამ სწორედ რურუასნაირებმა და უპირველესად, მათმა ლიდერმა, სააკაშვილმა მისცეს რუსეთს საქართველოს 20% ზე მეტი ტერიტორიის ოკუპაციის საშუალება.

გგონიათ, რომ ასე მოკლეა ადამიანების მეხსიერება? ამიტომ, მორჩით რა ამ უტიფრობას. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს. მიუხედავად იმისა, თუ როგორ თქვა მან სათქმელი, იგი არის ადამიანი, ვისაც, თქვენგან განსხვავებით, დიდი წვლილი მიუძღვის თავისი მინისტრობის პერიოდში რუსეთის ბაზების საქართველოდან გაყვანაში, მაშინ როდესაც სწორედ თქვენმა ხელისუფლებამ რუსეთს მისცა ქვეყნის ამხელა ნაწილის ოკუპაციის საშუალება.

და კიდევ ერთი რამ "ნაცების" გასაგონად: დაანებეთ რა თავი ჩვენსა და ჩვენი ღია და აქტიური მომხრეების ოჯახებში უტიფრად კარდაკარ სიარულს. სირცხვილია. ფუჭად ირჯებით. მაინც არც ერთი მათგანი მოგცემთ ხმას", - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

ცნობისათვის, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მისივე განცხადება განმარტა.

"მე გავაკეთე განცხადება, რომელიც ძალიან ნათელია და რომელიც არის დიპლომატიური მიდგომა. როდესაც მეკითხებიან, არის თუ არა ეს ოკუპაცია - ჩემთვის ამ კითხვის დასმა შეურაცხყოფაა, რადგან ჩემი ცხოვრების 64 წელი გატარებული მაქვს ოკუპაციასთან ბრძოლაში, 

როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგვიკარგა ტერიტორიები და ძალიან ბევრი რესურსი მიჰყიდა რუსეთს და პრინციპში, ჩაატარა პრორუსული პოლიტიკა განცხადებების ნიღბის ქვეშ, შეურაცხმყოფელია, მე მკითხონ, ვთვლი თუ არა რუსეთს ოკუპანტად. არ მჭირდება, მათ წინაშე თავის მართლება. ჩემი ცხოვრება მამართლებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა 20/30-ის ეთერში.