სარფის საბაჟოზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად მუშაობა გრძელდება.
შესაბამისი შინაარსის განცხადება საქართველოში თურქეთის ელჩმა, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, "პრობლემები საზღვარზე არის, მაგრამ ეს ტექნიკური ხასიათის პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც პოლიცია და საბაჟოს სამსახური ცდილობს".
"სამწუხაროდ, ეს პრობლემები ბოლო ორი დღეა, გრძელდება და მათ გადასაჭრელად მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინაროებს. მსგავსი პრობლემა არ არის შექმნილი მხოლოდ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, საქართველოსთან საზღვარზე. ეს შეფერხება არის თურქეთის ყველა საზღვარზე და იმედი მაქვს, უახლოეს საათებში, ან დღეში ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი იქნება", - განაცხადა თურქეთის ელჩმა.
სარფის საბაჟოზე ვითარება დღესაც უცვლელია. ამ დროისთვის, მოძრაობა კვლავ შეზღუდულია.
"პირველს" შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ ქართველი მებაჟეები თურქ კოლეგებთან კონტაქტზე არიან და გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.
მათივე ინფორმაციით, გუშინ, გვიან ღამით, 300-ზე მეტმა რიგში მდგომმა საქართველოს მოქალაქემ საზღვრის გადმოკვეთა შეძლო.
თურქული მხარე, ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, როდის მოგვარდება სასაზღვრო პუნქტთან არსებული პრობლემა.
შეგახსენებთ, რომ სარფის სასაზღვრო პუნქტზე, თურქეთის მხარეს პროგრამული პრობლემა 26 ოქტომბერს შეიქმნა.