ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი წევრებზე იყო ფოკუსირებული, პარტნიორი ქვეყნები არ იყვნენ მიწვეული

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი წევრებზე იყო ფოკუსირებული, პარტნიორი ქვეყნები არ იყვნენ მიწვეული

26-27 ოქტომბერს გამართული ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი წევრებზე იყო ფოკუსირებული, პარტნიორი ქვეყნები მინისტერიალზე არ იყვნენ მიწვეული. ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ილიამ ლაჰიუმ განაცხადა.

„თავდაცვის მინისტერიალი წევრ ქვეყნებზე იყო ფოკუსირებული, პარტნიორი ქვეყნები დისკუსიებში უშუალოდ არ იყვნენ ჩართული და შესაბამისად, მინისტერიალზეც არ იყვნენ მიწვეული. ეს სავსებით ნორმალური პროცესია", - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

მისი თქმით, ნატო-საქართველოს პარტნიორობა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ეჭვგარეშეა.

„საქართველოს თანამშრომლობა ნატო-სთან შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში ეჭვგარეშეა. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ერთად საქართველო ნატოსთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ნატომ გადაწყვეტილება მიიღო, გაზარდოს მისი არსებობა შავ ზღვაში, მაგალითად შავ ზღვაში ძალების განთავსებით, რეგიონის საჰაერო, საზღვაო მხარდაჭერით. საქართველო კი, ამ დისკუსიების ნაწილი იქნება“, - განაცხადა ნატო-ს მეკავშირე ოფიცერმა საქართველოში.

უილიამ ლაჰიუმ საქართველო-ნატო-ს შორის აქტიურ თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„შეიარაღებული ძალების რეფორმირების დაგეგმვაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ამჟამად, ეს პროცესი ძალიან კარგად მიდის და მომავალ ორ თვეში უკვე განახლებულ გეგმას მივიღებთ. თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოს სამეკავშირეო ოფისთან არსებითი პაკეტის გუნდთან ერთად, ასევე მხარდამჭერებთან, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და სხვა მოკავშირე ქვეყნებთან. ასე რომ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. დღეს შეხვედრაც მქონდა ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალ მდივანთან, სადაც ჩვენ შეიარაღებულ ძალებში მიღწეული პროგრესი განვიხილეთ“ - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

უილიამ ლაჰიუს განცხადება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.