”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა რურუა, ამავე ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, მავნებლურს და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.
„მინდა გამოვეხმაურო სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ჩვენ რაიმე ფორმით რუსეთის, როგორც ოკუპანტის სტატუსი მოლაპარაკებებში ხელს გვიშლის. ეს არის მავნებლური დეზინფორმაცია.
მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ მოლაპრაკებებისთვის ჩვენ, ეს სტატუსი, რომელიც რუსეთს მთელმა თავისუფალმა სამყარომ მიანიჭა, ფაქტის კონსტატაციაა და საქართველოს მოლაპარაკებების წარმოებაში ხელს არანაირად არ უშლის. თუნდაც ჟენევის, ან სხვა ფორმატში.
მივმართავ ხელისუფლებას, გააცხადოს პოზიცია - ემიჯნება თუ არა ის ამ მავნებლურ განცხადებას და კვლავ უჭერს თუ არა მხარს ხელისუფლება ამ კანდიდატს აღნიშნული ანტისახელმწიფოებრივი განცხადების შემდეგ”, -განაცხადა ნიკა რურუამ.
„ოკუპანტის სტატუსი, რაც მიენიჭა რუსეთს და რაც არის რეალობის სწორი ასახვა, ამავე დროს ჩვენ ყველამხრივ გვბლოკავს“, - ამის შესახებ მთაწმინდის რაიონში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემაში ”მთავარი” განაცხადა.
კითხვაზე, შესაძლებელია რუსეთთან მოლაპარაკებებით იმ მიზნის მიღწევა, რაც ქვეყანას სჭირდება, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ყოველთვის შესაძლებელია მოლაპარაკებით შედეგის მიღწევა.
”ყოველთვის საჭიროა ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობა. ის ოკუპანტის სტატუსი, რაც მიენიჭა და რაც არის რეალობის სწორი ასახვა, ამავე დროს ჩვენ გვბლოკავს ყველა მხრივ, რადგან ჩვენ ვერ ვმონაწილეობთ იმ მოლაპარაკებებში, სადაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს. ისინი არიან თავისუფალი, რომ იგივე ამ ოკუპანტს დაელაპარაკონ და ჩვენ არა, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ იმ ორმხრივ ფორმატს, რომელიც არის ზურაბ აბაშიძისა და კარასინის ფორმატი. ეს არის ჩვენი შეზღუდვა, იმიტომ, რომ ქვეყანას, რომელსაც არ შეუძლია, არ აპირებს სამხედრო გზით სვლას და ჩვენ ვიცით, რომ ეს გზა ჩვენი არ არის და ჩემი აზრით არც არასდროს ყოფილა, ჩვენ ვერ ვიტყვით უარს დიპლომატიურ გზაზე. დიპლომატიური გზა არ არის დათმობის გზა, აქ უნდა იყოს ძალიან სერიოზული ჯებირები. ამ გზაზე არ შეიძლება დადიოდნენ ოპოზიციონერები, როგორც სცადა რამოდენიმემ იმისათვის, რომ თავისი პოლიტიკური სტატუსი აიმაღლონ. დიპლომატიური გზა უნდა იყოს ძალიან კარგად შეთანხმებული შიგნით, ეს უნდა იყოს კონსესუსი ყველა პარტიის. ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა გვინდა და რა არის ჩვენი წითელი ხაზები, ეს არის ის, რასაც ჰქვია მოლაპარაკების მომზადება. მე არ ვიცი, მოვიდა თუ არა ამისი დრო”, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.