ევროპარლამენტი თურქეთს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი და მედიასაშუალების თანამშრომელი, რომლებიც მტკიცებულებების გარეშე დააკავეს.
რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, ნათქვამია რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამოყენება პრესაზე და ოპოზიციაზე ზეწოლის მოსახდენად დაუშვებელია.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ივლისში განვითარებული მოვლენების შემდეგ თურქეთში სულ მცირე 99 ჟურნალისტი და მწერალი დააკავეს, სულ მცირე 330-ს აკრედიტაცია ჩამოართვეს.
გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი მედიასაშუალება დაიხურა, რის გამოც უსამსახუროდ 2 300-ზე მეტი ადამიანი დარჩა.
რეზოლუციის თანახმად, თურქეთში დაკავებულ ჟურნალისტებს ადვოკატებთან წვდომა შეზღუდული აქვთ, ისინი ადამიანის ღირსებისთვის დამამცირებელ პირობებში იმყოფებიან, ასევე განიცდიან ზეწოლას.
ამასთანავე, რეზოლუციაში ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს სამხედრო გადატრიალების მცდელობას.