შიდა ტერიტორიების გამწვანების პროექტის ფარგლებში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, №40-ის მიმდებარე ფერდობზე გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაზე 50 ძირი კიპარისის, მთის ნეკერჩხლისა და ფიჭვის დიდი ზომის ნერგი დაირგო.
გამწვანების ღონისძიებაში თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან, ნინო სულხანიშვილთან და საბურთალოს რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად ჩაერთო.
„სეზონური რგვები ქალაქში აქტიურ ფაზაშია შესული. გამწვანების სამუშაოები მოიცავს როგორც შემოგარენს, ასევე შიდა ტერიტორიებს. დღესაც, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით სწორედ საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორია გავამწვანეთ, ბუდაპეშტის ქუჩაზე 50 წიწვოვანი და ფოთლოვანი ნერგი დავრგეთ. ღონისძიებაში მოსახლეობაც აქტიურად არის ჩართული. ვფიქრობთ, გამწვანების მასშტაბური სამუშაოები თბილისში ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“ - განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.
ნინო სულხანიშვილის თქმით, თბილისის სხვადასხვა რაიონში გასამწვანებელი ადგილები მოსახლეობასთან ერთად შეირჩა, რომლის შემდეგაც შიდა ტერიტორიების ხეებით შევსება აქტიურად დაიწყო. მიმდინარე სეზონზე საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, სკვერებში და გამზირებზე 30 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება.
ქალაქის შემოგარენი და ცენტრალური უბნები, შემოდგომაზე, 80 000 ნერგით განაშენიანდება. 50 000 ხე-მცენარე მახათას მთაზე და თბილისის ზღვის გარშემო დაირგვება. დასარგავი ხე-მცენარეების სიმაღლე 1,5-3,5 მეტრი სიმაღლის ფარგლებში მერყეობს. მათ შორის, 5000 ნერგის სიმაღლე 2,5-3,5 მეტრია. საშემოდგომო გამწვანების პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
სპეციალისტების რეკომენდაციით საშემოდგომო გამწვანებისთვის შერჩეულ სახეობებს შორისაა თეთრი აკაციის, მინდვრის ნეკერჩხლის, იფანის, აღმოსავლური ჭადრის, ზეთისხილის, ჰიმალაის კედარის, კიპარისის, ნუშისა და ვერხვის ნერგები.
ნარგავების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები 4 წლის ვადით უზრუნველყოფენ.