საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი თურქეთის ხელისუფლებას პატიმართა წამებაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული 47 გვერდიანი ანგარიში შეიცავს გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ციხეებში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის 13 შემთხვევის აღწერას, მათ შორის სახელდება წამება, უძილოდ დატოვება, ფიზიკური და სექსუალური ძალადობა.
HRW-ს ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორის ჰიუ უილიამსონის განცხადებით, თურქეთის მთავრობის მიერ წამების წინააღმდეგ თავდაცვითი ზომების გაუქმება სამართალდამცველებს პატიმრების სურვილისამებრ წამებისა და არასათანადოდ მოპყრობის საშუალებას აძლევს.
″ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიც იმას გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი სამართალდამცველი ზუსტად ასე მოქმედებს. თურქეთის მთავრობამ ეს მნიშვნელოვანი თავდაცვითი ზომები ისევ უნდა აღადგინოს″ - განაცხადა მან.
კანონის ძალის მქონე ბრძანებულებაში არსებული ერთ-ერთი მუხლის საშუალებით სახელმწიფო მოხელეები, ამ დავალებების შესრულების დროს ჩადენილი ყოველგვარი ქმედების პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან. გარდა ამისა, თურქეთის ოფიციალური პირების მიერ გაეროს წამების საკითხებში სპეციალური მომხსენებლის ვიზიტის თავიდან აცილებაც, წამებისა და არასათანადოდ მოპყრობის ვალდებულებებთან დაკავშირებით სერიოზულ ეჭვებს ბადებს.
საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პატიმრების უმრავლესობას ციხეში მომხდარ მოვლენებზე საუბრის ეშინიათ.
ანგარიშზე მუშაობის დროს, HRW-ის თანამშრომლები 40 ადვოკატს, უფლებადამცველს, ყოფილ პატიმარსა და სასამართლო ექსპერტიზის ექიმს გაესაუბრნენ.