ევროპარლამენტი:  დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის დაწესების შესახებ

ევროპარლამენტი: დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის დაწესების შესახებ

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის  საბჭოს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირში მიმოსვლისთვის ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით. ოთხშაბათს თავმჯდომარე ქვეყნისთვის (სლოვაკეთი) გაგზავნილ წერილში ევროპარლამენტის სამოქალაქო უფლებების კომიტეტმა მოუწოდა საბჭოს, დაიწყოს სამმხრივი მოლაპარაკებები, „შეძლებისდაგვარად, სწრაფად, ნოემბრის დასაწყისში“.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების გაჭიანურებისთვის არ არსებობს არავითარი მიზეზი, რადგან როგორც ევროპარლამენტს, ისე ევროკავშირის საბჭოს მინიჭებული აქვს შესაბამისი მანდატი მას შემდეგ, რაც კომისიამ აღიარა, რომ ქვეყანამ შეასრულა ყველა პირობა.

ევროპარლამენტარები გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, „სამმხრივი მოლაპარაკებები არ დაიწყება, სანამ ევროპარლამენტთან არ იქნება შეთანხმებული უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გადახედვის საკითხი“.  ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დისკუსიები ინსტიტუტების მონაწილეობით შეჩერების მექანიზმის განხილვასთან დაკავშირებით (რომელიც გარკვეულ სიტუაციებში იძლევა ვიზების მოთხოვნების შემოღების შესაძლებლობას) უკვე მიმდინარეობს და მისი მონაწილეები აქტიურად ცდილობენ დარჩენილი საკითხების გადაჭრას.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საბჭოს განცხადებამ გამოიწვია საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების გაჭიანურება“, - აცხადებენ წერილში კომიტეტის თავმჯდომარე კლოდ მორაესი (სოციალისტების და დემოკრატების ალიანსი; დიდი ბრიტანეთი) და მომხსენებელი მარია გაბრიელი (ევროპის სახალხო პარტია; ბულგარეთი).

„ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპია, რომ ყველა ქვეყანამ, რომელიც შეასრულებს ყველა მოთხოვნას, სარგებელი მიიღოს ვიზების ლიბერალიზაციიდან. ამ შემთხვევაში ასეთი ქვეყანა საქართველოა“, - ხაზგასმით აღნიშნა ქალბატონმა გაბრიელმა, რომელიც დაჟინებით ითხოვს, რომ ევროკავშირმა შეასრულოს თავისი დაპირება.

მომხსენებელმა ასევე დაამატა, რომ „დაუშვებელია კიდევ გადავადება“ ამ საკითხთან დაკავშირებით, და კიდევ ერთხელ ახსნა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში ვიზების ლიბერალიზაცია წარმოადგენს ძალიან კონკრეტულ მიღწევას მოქალაქეთათვის.

http://www.europarl.europa.eu/news/en/news-room/20161026IPR49266/ep-urges-council-to-open-talks-on-a-visa-waiver-for-georgia-without-delay