საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის

საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის

საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს ორდღიანი მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღებს თუ არა საქართველო მონაწილეობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შავი ზღვის ახალ სტრატეგიაში, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო შავი ზღვის რეგიონში საკუთარი ყოფნის გაძლიერებისკენ მიმართული გეგმის დეტალებს თებერვალში გაასაჯაროვებს.

„გუშინ განვიხილეთ და მივიღეთ შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ყოფნის გაძლიერების გადაწყვეტილება. დეტალები თებერვალში გახდება ცნობილი. საქართველო ნატო-ს საკვანძო პარტნიორია, ძალიან ფასეული პარტნიორი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით. ცოტა ხნის წინ საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვია, ერთი წლის წინ გავხსენით ახალი საწვრთნელი ცენტრი, წელს დიდი სსწავლება ჩავატარეთ. ამიტომ, საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ვაძლიერებთ პარტნიორობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ჟურნალისტის თხოვნაზე, შეაფასოს საპარლამენტო არჩევნები, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არის დასტური, რომ საქართველო აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს.