6 წევრი სახელმწიფო მზად არის, შავი ზღვის რეგიონში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალები გაგზავნოს

6 წევრი სახელმწიფო მზად არის, შავი ზღვის რეგიონში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალები გაგზავნოს

გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და აშშ მზად არიან, ნატო-ს სამხედრო ყოფნის გასაძლიერებლად, შავი ზღვის რეგიონში საკუთარი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები გაგზავნონ. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ პროგრესზე ნატო-ს ყოფნის გაძლიერებაში შავი ზღვის რეგიონში. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, შეიტანოს წვლილი ჩვენს სამხედრო ყოფნაში შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში. ესენი არიან: კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთის და აშშ. სხვა წევრი სახელმწოფები ასევე განიხილავენ, რა გზით შეუძლიათ კონტრიბუცია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა იმსჯელეს სამხედრო აქტივობაზე ნატო-ს საზღვრებთან, მათ შორის რუსეთის მასშტაბურ სამხედრო სწავლება „კავკაზ 2016“-ზე.

უნდა აღინიშნოს, რომ სწავლების ფარგლებში სამხედრო აქტივობა ხორციელდებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

„შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ ნატო-ს საზღვრების სიახლოვეს განხორციელებული სამხედრო აქტივობის, მათ შორის სწავლება „კავკაზ 2016“-ის და რუსეთის მიერ კალინინგრადის ოლქში ისკანდერის სარაკეტო კომპლექსების განლაგების შესახებ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის საქციელით. მაგრამ დიალოგი მით უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როცა დაძაბულობა იზრდება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სამხედრო ყოფნის გაძლიერების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 8-9 ივლის, ვარშავის სამიტზე მიიღო.