"რესპუბლიკურ პარტიასაც" გვქონდა ე.წ. მცირე მთავრობის კონცეფცია, თუმცა ცვლილებები უპირველეს ყოვლისა ეკონომიკურ ბლოკს ეხებოდა

 დიასპორის სამინისტრო თუ გაუქმდება, ჩვენ საფლავში არ ჩავყვებით, რადგან მისი შექმნა თავიდანვე მავნე იდეა იყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ლევან ბერძენიშვილმა სამინისტროების შესაძლო ოპტიმიზაციის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

ბერძენიშვილის თქმით, იდეა თავისთავად პროგრესულია, თუმცა რამდენად რეალურ ცვლილებებს ითვალისწინებს, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გავიგებთ, რომელ უწყებებს ეხება ის.

„რესპუბლიკურ პარტიას“ პროგრამაში გვქონდა ე.წ. მცირე მთავრობის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს სამინისტროების ნაწილის გაუქმებას, ნაწილის გამსხვილებას, დეპარტამენტებად გადაკეთებას და ა.შ. ამ შემთხვევაში რა იგულისხმება, არ ვიცით. პრემიერ-მინისტრი რასაც ამბობს, ძირითად იდეას ვეთანხმებით, მაგრამ კონკრეტულად რას აპირებს როცა გავიგებთ, ამის მერე მოგახსენებთ, რამდენად ზუსტად არის ეს ის, რაც საჭიროა. ამბობენ, რომ ეკონომიკურ საკითხებს არ ეხება და ჩვენს შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკას ეხებოდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში - მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკაში - ეკონომიკის სამინისტრო არ არსებობს. ასე რომ, ეს წინადადება თავისთავად არის პროგრესული, მაგრამ როგორ შესრულდება და რეალურად რამდენად შეეხება ადამიანებს, როგორ შეცვლის ვითარებას, მაშინ მოგახსენებთ, როცა დეტალები იქნება წარმოდგენილი. მე მაქვს მოლოდინი, რომ რაღაც განხორციელდება, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება, გვეცოდონება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გვეტყვიან, რომელ სამინისტროებს ეხება. მაგალითად, დიასპორის სამინისტროს თუ გააუქმებს, ჩვენ საფლავში არ ჩავყვებით, იმიტომ, რომ ეს სამინისტრო უბრალოდ არ უნდა არსებობდეს, თავიდანვე მავნე იდეა იყო. იგი ეტევა საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციებში. ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებაც შეიძლება, ვინაიდან მათ ფუნქციასაც ითავსებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მაგრამ არ შეიძლება კომიტეტის გაუქმება პარლამენტში, ვინაიდან მას ეხება ჰარმონიზაციის საკითხები. თუმცა გასაგებია, რომ პრემიერი პარლამენტის სტრუქტურაზე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.