გია ცაგარეიშვილი - ”ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოებისთვის უდიდესი საშიშროებაა

გია ცაგარეიშვილი - ”ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოებისთვის უდიდესი საშიშროებაა

”ნაციონალური მოძრაობა” პრობლემაა არა მხოლოდ ხელისუფლებისათვის, არამედ უდიდესი საშიშროებაა საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი აცხადებს. 

”როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი გვირაბში გაიჭედა - ვეღარ მოაღწია მთაწმინდის ქედამდე. მას ჰყავს გვირაბის აქტიური მთხრელები - იქაც და აქაც. ზოგიერთი უსახური, რომელიც დიდი სიამოვნებით შემოაწყობდა ორ-სამ გვამს მაღაზიის სახურავზე, ჩვენ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა. მე ამ პარტიას დამნაშავეთა კრებულს ვუწოდებ. იქ არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს კუდით არიან გადაბმული. აბსოლუტურად ყველაფერი იციან ერთმანეთზე. ივანე მერაბიშვილს ამ ადმიანების სახლებშიც ჰქონდა სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული, რასაც აღშფოთებული თავადაც აღიარებენ, ამიტომაც მე ამ ადამიანების სწრაფი დაშლა ძნელად წარმომიდგენია”, - განაცხადა ცაგარეიშვილი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 
ცაგარეიშვილის თქმით, ”ნაციონალური მოძრაობიდან” ბევრი, რომელიც ”ავკაცობით, ავაზაკობით იყო დაკავებული და სჩადიოდა კრიმინალს, სადეპუტატო მანდატს ვეღარ ამოეფარება”. 

”თუკი ”ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში კიდევ უფრო მეტი ხმა ვერ აიღო, არის იმის ბრალი, რომ სამართლიანობა ამ ქვეყანაში ვერ აღდგა. არის ბევრი ადამიანი, რომლებსაც უფლებები აჰყარეს, რომელიც ცემეს, აწამეს, ციხეში ამყოფეს, წაართვეს სიცოცხლე, საკუთრება, დაუჩაგრეს ახლობლები და ეს ადამიანები დღესაც პროკურატურის კარზე ეძებენ სიმართლეს”, - დასძინა ცაგარეიშვილმა.